Archive | ლიტერატურა… : )) RSS feed for this section

ალბერტო მორავია – ზიზღი

4 Feb


ალბერტო მორავიას ნაწარმოებში – “ზიზღი” აღწერილია ცოლ-ქმრის საკმაოდ საინტერესო ისტორია. ცოლს ზიზღდება ქმარი და სასოწარკვეთილი ქმარი ცდილობს დაადგინოს რამ გამოიწვია გრძნობების ასეთი შეცვლა და დაიბრუნოს ის ძველი სიყვარული. მოგეხსენებათ, ზიზღიც დანარჩენი სხვა გრძნობების მსგავსად ჩნდება და ვითარდება. სწორედ ასე გაუჩნდა რაღაც მიზეზის გამო ემილიას ეს გრძნობა ქმრის მიმართ, რამაც ბოლო მოუღო მის სიყვარულის.

“დღეს უკვე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ქორწილების პირველი ორი წელიწადი მე და ჩემმა ცოლმა სიამტკბილობაში გავატარეთ. უფრო სწორედ რომ ვთქვა ამ ორი წლის მანძილზე ჩვენი გრძნობების სრულყოფასა და ღრმა ჰარმონიულობას თან ახლდა ის მოდუნება, ან თუ გნებავთ, ის დუმილი გონებისა, როდესაც ადამიანი კარგავს საღად განსჯისა და დაკვირვების უნარს და სიყვარულით აღტაცებული საყვარელი ადამიანის მხოლოდ ღირსებას ხედავს.” – ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და რიკარდო მოლტენის ფიქრებსა და გრძნობებზე ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი, სამაგიეროდ ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება ცოლის – ემილიას გონებაში. რიკარდო დამწყები სცენარისტია, ყოველთვის ოცნებობდა თეატრში მუშაობაზე და არ მოსწონს თავისი ამღამინდელი პროფესია, მაგრამ თავს მხოლოდ ემილიას გამო არ ანებებს. ემილია კი კარგი დიასახლისია და მოსწონს სახლში ფუსფუსი… რიკარდო ხელს აწერს კონტრაქტს ბატისტასთან, რის შემდეგაც იწყება მისი უთანხმოება ცოლთან:-
“ამრიგად, შმიძლია ზუსტად დავასახელო, როდის დაიწყო ჩემი კინოკარიერა. ეს მოხდა იმ საღამოს, როდესაც ბატისტამ მიგვიპატიჟა თავის სახლში, მაგრამ ასევე ზუსტად შემიძლია დავასახეკი ის დღე, რა დღიდანაც დაიწყო უთანხმოება მე და ემილიას შორის. მე მგონი, მისი ჩემდამი გულაცრუებაც იმ საღამოს დაიწყო და მიხვედრითაც მხოლოდ ერთი თვის მერე მივხვდი ამას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვსაზღვრავდი, როდის სძლია ერთმა გრძნობამ მეორეს ემისიას გულში, და რა იყო ასეთი ფერისცვალების მიზეზი.”
მოკლედ, რიკარდო ცდილობს დაადგინოს მიზეზი და ძირიანად აღმოფხვრას იგი… ასევე საინტერესო პარალელია გავლებული რიკარდოსა და ემილიას ურთიერთობასა და ოდისევსსა და პენელოპეს შორის.

ეს იყო ალბერტო მორავიას პირველი წიგნი, რომელიც მე წავიკითხე და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მომეწონა ის ნაკლებად მხატვრული ენა, რომლითაც იგი გვესაუბრება. ვფიქრობ ნამდვილად ღირს მისი წაკითხვა… : ))

 

სიდნი შელდონი – ანგელოზების რისხვა

6 Jan


ქალი – მშვენიერი, წარმატებული ადვოკატი, თავისი კარიერის მწვერვალზე. მამაკაცი – ნიუ-იორკის მაფიის “ნათლია”, რომელიც აფართოებს თავის ძლევამოსილ იმპერიას. ისინი დგანან ერთმანეთის პირისპირ და არც ერთ მათგანი მარცხს არ შეეგუება. ასე იწყება დაუნდობელი ბრძოლის ისტორია, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება. მაგრამ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, გახმაურებული სისხლის სამართლის დანაშაულებები და მრავალი შეხლა-შემოხლა, დიდი პოლიტიკა და დიდი ფული. და, რასაკვირველია, სიყვარული… – ასეთია წიგნის აღწერა, რომელსაც დღეს გთავაზობთ… ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ამ წიგნის ყიდვა, იყო მისი ყდა და სახელი. ეს აღწერაც კი არ წამიკითხავს, რომელიც წიგნის უკანა ყდაზე წერია, უბრალოდ მომეწონა სახელი, მომეწონა ყდა და ვიყიდე… ეს დაახლოებით 1 წლის წინ იყო… მოკლედ, ვიყიდე წიგნი, აღფრთოვანებული ვიყავი ახალი შენაძენით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ხელის შემშლელი პირობების გამო და ჩემი სიზარმაცის გამოც, რამდენჯერმე ვცადე კითხვის დაწყება, მაგრამ სულ ტყუილად. ხან დრო არ მქონდა, ხან მეზარებოდა, ხან სხვა წიგნი დამაინტერესებდა… მოკლედ ჩემი ლამაზ ყდიანი წიგნი ყოველთვის გვერდზე მრჩებოდა… და ბოლოს, როგორც იქნა გადავწყვიტე….

“მონადირეთა წრე მსხვერპლის გარშემო თანდათან ვიწროვდებოდა.
ორი ათასწლეულის წინ რომში ეს ორთაბრძოლა შეიძლება ნერონის ცირკში ან კოლიზეუმში გამართულიყო, სადაც სისხლით მორწყულ ქვიშიან არენაზე სისხლმოწყურებული ლომები უბედურს ნაკუწებად აქცევდნენ. ცივილიზებულ მეოცე საუკუნეში კი ეს არენა იყო მანჰეტენის საქმიან ნაწილში – სასამართლოს შენობის ნომერ მეთექვსმეტე სხდომათა დარბაზში.” – ასე იწყება წიგნი და ადვოკატი ქალის – ჯენიფერ პარკერის ისტორია.

“ჯენიფერ პარკერი იყო ოცდაოთხი წლის წარმოსადეგი, სასიამოვნო გარეგნობის, მუქთმიანი ქალი, გონიერი სახითა და მწვანე, გამჭოლავი თვალებით. მას მიმზიდველი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ლამაზი. მის სახეს, ამაყს, მამაცსა და მგრძნობიარეს, ძნელად დაივიწყებდა კაცი. იჯდა წელში გამართული, შეუვალი, თითქოს წარსულის აჩრდილებს ემიჯნებაო” – აღწერს ავტორი. ჯენიფერ პარკერი წიგნის დასაწყისშივე, თავის პირველივე სამუშაო დღეს განიცდის მარცხს, რაც მის, როგორც იურისტის ოთხ საათიან კარიერას წერტილს უსვამს. მაგრამ ჯენიფერი არ ნებდება და მაინც ახერხებს თავისი ადგილის დამკვიდრებას. და, როდესაც მასთან მივა მამა რეიანე და ეტყვის:- “ჩემს ერთ-ერთ მეგობარს პრობლემები აქვს” – სწორედ აქედან იწყება ჯენიფერის “ბრძოლა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ”….
ჯენიფერ პარკერის ცხოვრება ყველაფერს მოიცავს: წარმატება, გამარჯვება, დანაკარგები, ფული, პოლიტიკა, მაფია, სისხლის სამართლის დანაშაულებები, სიყვარული და ბოლოს მარტოობა….
“ჯენიფერი უკაცრიელ ქუჩებში აუჩქარებლად მიდიოდა. თოვდა და თეთრ საფარველში ეხვეოდა. მოპირდაპირე მხარეს, სახლიდან, სიცილმა იფეთქა. ის ჯენიფერისთვის იმდენად უცხო ხმა იყო, რომ შედგა და მიაყურადა. მერე პალტოს საყელო აიწია და ისევ ქუჩას გაუყვა. უყურებდა დაცემული თოვლის ფიფქებს, თითქოს მომავალში შეხედვას ლამობდა.
სინამდვილეში კი წარსულისკენ გახედვას ცდილობდა, ცდილობდა გაერკვია, როდის და რანაირად მოხდა ისე, რომ მისთვის სიხარული მოკვდა.”

ჭრელი საბურველი… : ))

25 Sep


კიტი მომხიბლავი ქალბატონი გახლავთ, რომელსაც დედა მხოლოდ იმიტომ ზრდიდა სიყვარულით, რომ შემდგომ ვინმე, მისი სურვილით შეპყრობილი მამაკაცი მზად ყოფილიყო ბინითა და საზრდოთი უზრუნველეყო იგი ცხოვრებაში. მან თავისი მომხიბვლელობით მართლაც ბევრი მამაკაცის გული დაიპყრო, მაგრამ ბოლოს უსიყვარულოდ მისთხოვდა უოლტერ ფეინს. ცოლ-ქმარი ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნება გახლდათ, უოლტერის სიყვარული საკმარისი ვერ გამოდგა, კიტიმ მისი შეყვარება ვერ შეძლო, ამიტომაც მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. კიტის სხვა მამაკაცი (ჩარლი) შეუყვარდა. უოლტერმა დაანახა ცოლს ჩარლის ნამდვილი სახე, მაგრამ ღალატი არ აპატია.
იმ დროისათვის მეი-ტან-ფუში ქოლერა მძვინვარებდა, და რადგანაც უოლტერი ბაქტერიოლოგი იყო, მოხალისედ ჩაეწერა და იმ საშინელებით მოცულ ქალაქში, სადაც ხალხი ერთი მეორის მიყოლებით იღუპებოდა, ცოლთან ერთად გაემგზავრა. ამ ქალაქმა კიტის სხვა თვალით დაანახა ცხოვრება. მისი ისტორია ძალზედ შთამბეჭდავი და საინტერესოა….

  • – იცი, სწორედ რომ განსაჯო, თავი სხვის ადგილზე უნდა წარმოიდგინო და იკითხო, ამგვარ შემთხვევაში მე როგორ მოვიქცეოდიო.
  •  ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, მაგრამ რჩება კი რაიმე კვალი?…
  • როცა ამქვეყნად მუდმივი და დიდად საგულისხმო არც არაფერია, რა საწყენია, რომ ადამიანები რაღაც უაზრო წვრილმანებს ანიჭებენ მნიშვნელობას, ამით თავსაც იუბედურებენ და სხვასაც.
  • – სულ მთლად დავიბენი. უცნაურია ეს ცხოვრება. თითქოს მთელი სიცოცხლე იხვების გუბესთან გავატარე და მოულოდნელად ზღვა დამანახვეს. ცოტა სული კი მეხუთება, მაგრამ ხალისიან გუნებაზე ვარ. არ მინდა სიკვდილი. სიცოცხლე მწადია. ვგრძნობ, გამბედაობა მემატება. ბებერი მეზღვაურივით ვარ, აღმოუჩენილი ზღვებისკენ რომ მიცურავს. ჩემი სული შეუცნობლისაკენ მიისწრაფვის.
  • – გულის მოგების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, შვილო ჩემო : ემსგავსო იმას, ვისაც გსურს თავი შეაყვარო.
  • … ზოგჯერ იქნებ საჭიროა სხვა მოატყუო, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუება საზიზღრობაა.


წიგნის ბოლოს “ძაღლი კვდება”. პირადად მე არ ველოდი სიტუაციის ასეთ განვითარებას…. საბრალო კიტის უამრავი ტკივილის გადატანა უწევს, ბოლოს კი:-

ნუთუ ყოველივე ეს საშინელი ულმობლობა იყო? კიტის მთლი გულით სწამდა, რომ თანაგრძნობა და სიბრალული ისწავლა. არ იცოდა, რას უმზადებდა მომავალი, მაგრამ ძალის მოზღვავებას გრძნობდა და მზად იყო, თამამად და ვაჟკაცურად შეგებებოდა ყველაფერს…

რომეო და ჯულიეტა <3

18 Sep


ჩემი საყვარელი ფრაგმენტები შექსპირის ლეგენდარული პიესიდან – რომეო და ჯულიეტა. : )) იმედია მოგეწონებათ. : ))

რომეო:-
დასაბამითვე სიყვარულმა ეს დაგვიბარა.
გულს ლოდად მაწევს ჩემი სევდა, ისედაც მწველი
შენმა სევდამ კი, ლამის არის დამრიოს ხელი;
შენ თანამიგრძნობ, და მაგ ძმობით, მაგ სიყვარულით –
ჩემს ნაღველს შენიც ემატება, მიკვდება გული.
ტრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,
ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,
გზა თუ დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.
კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჟე არის,
ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.

ჯულიეტა:-
ისე ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა,
რომ ხვალ დილამდე მსურს ვიძახო: “მშვიდობა შენდა”
რომეო:-
შენს სულს სიმშვიდე; თვალებს ძილი მიეცი ტკბილი.
ნეტავი ვიყო ის სიმშვიდე, ანდა ის ძილი!

რომეო:-
ვაგლახ, სიყვარულს ახვეული რომ აქვს თვალები,
თვალახვეულიც სასურველ გზას მაინც გაიგნებს.

ხედავ, სიძულვილს რა ამბავი დაუთევია…
სიყვარულისგან უარესსაც უნდა ელოდე.
ოი, სინაზე მძულვარების! ო, ტრფობის შფოთვა!
ო, ყველაფერი, წარმომდგარი არაფრისაგან;
დინჯი სილაღე და ამაო სიდარბაისლე;
ბნელი ქაოსი ულამაზეს ქმნილებათაგან,
ნათელი კვამლი, ცივი ცეცხლი, ტყვიის ბუმბული,
ავადმყოფური სიჯანსაღე, ძილი ფხიზელი,
ძილს რომ არა ჰგავს … ამ სიყვარულს, ამნაირ ტრფობას,
განვიცდი ახლა.

რომეო:-
განა აქა ვარ, ჩემი თავი დავკარგე სულაც,
რომეო არ ვარ, იგი სადღაც გადაკარგულა.

რომეო:-
თუ ეს თვალები მაგ ცრურწმენას მიიღებს ნებით,
ჩემო ცრემლებო, ნაკვერცხლებად იქეცით მაშინ,
დასწვით, დადაგეთ შენიღბული ეს მწვალებლები,
რომლებიც დღემდე არ დამხრჩვალან ცრემლების ზღვაში.
ჩემს მშვენებაზე უკეთესი!… ჯერ ქვეყანაზე
ყოვლის მხილველ მზეს არ უნახავს იმისი მსგავსი.

მერკუციო:-
მიჯნური ხარ, კუპიდონისგან
ითხოვე ფრთები და აიჭერ უჩვევ სიმაღლეს
რომეო:-
თავისი ისრით ისე დამჭრა და დამანელა,
რომ აღარ ძალმიძს მაღლა აჭრა მსუბუქი ფრთებით,
შებორკილი ვარ ისეთგვარად, რომ მწარე ნაღველს
ვერ გავექცევი – ტრფობის მძიმე ტვირთი ჩამძირავს.
მერკუციო:-
თუ ჩაიძირე, სიყვარულიც ხომ ჩაიძირა!
ნუ მიაყენებ მძიმე ტკივილს ასეთ ნაზ საგანს.
რომეო:-
ტრფობაა ნაზი? ტლანქია და მოუხეშავი,
შმაგი, მრისხანე… ეკალივით გჩხვლეტს და გაწამებს.


რომეო:-

უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენება
თაყვანსაცემი, სინაზით რომ არა ჰყავს სწორი,
მაშინ ამ ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნება
გამოისყიდონ შეცოდება ნაზი ამბორით.
ჯულიეტა:-
შენ მეტისმეტად შეურაცხყოფ, მწირო, შენს ხელებს,
მათი მოქცევა ღვთიურია, ფაქიზი, სწირი:
მლოცველებიც ხომ ეხებიან ხელით წმინდანებს,
ხელით შეხება არის მათთვის წმინდა ამბორი.
რომეო:-
მერე ტუჩები არ აქვთ წმინდანთ ან იმ მლოცველებს?
ჯულიეტა:-
დიახ, მლოცველო, რომ ტუჩებით ილოცონ მხოლოდ.
რომეო:-
ჩემმა ტუჩებმაც მაშ მიბაძონ, წმინდანო, ხელებს,
მიეცი ნება, თორემ რწმენას დავკარგავ ბოლოს.
ჯულიეტა:-
თავის შერხევა თანხმობის დროს არ მოსდგამს წმინდანს.
რომეო:-
მაშ, ნუ შარხევ! სიტკბოება ვიგემო მინდა.
შენმა ტუჩებმა მოაცილეს ცოდვა ჩემს ტუჩებს.
ჯულიეტა:-
მაგრამ ის ცოდვა ჩემს ბაგეებს გადმოჰყვა, განა!
რომეო:-
შენ ჩემი ცოდვა! ო, რა ტკბილი საყვედურია!
მაშ დამიბრინე ჩემი ცოდვა.


ჯულიეტა:-

იქ გაიფურჩქნა ერთადერთი, პირველი ტრფობა,
სად ერთადერთი, საშინელი, ჩვენა გვაქვს მტრობა.
ის მეტად ადრე ვნახე, გვიან ვიცანი მეტად,
ვაი, წყეულ მტრის სიყვარული მერგო მე ბედად.

რომეო:-
მე გადმოვფრინდი სიყვარულის მსუბიქი ფრთებით –
ნამდვილ სიყვარულს ქვის ჯებირი რას შეაჩერებს:
გამბედავია, ყოვლის შემძლე, ყველაფერს დასძლევს.

რომეო:-
მე შენი თავი სიყვარულმა მომაძებნინა.
მან რჩევა მომცა, მე ვათხოვე ჩემი თვალები;
და ყოფილიყავ თუნდ უშორეს და უცნობ ნაპირს,
ვრცელი ზღვის იქით – თუმცა არ ვარ მე მეზღვაური –
წამოვიდოდი, მოგძებნიდი ასეთ საუნჯეს.

როემო:-
ო, ჩემო ტკბილო სიყვარულო, ჩემო მეუღლევ!
თუმცა სიკვდილმა გამოგწოვა ტრფობის ნექტარი,
შენს მშვენებაზე ძალა ჯერაც ვერ უხმარია,
ვერ დაუპყრიხარ. ბაგეებსა და ღაწვებს შენსას
ისევ ამშვენებს ვარდისფერი, სიკვდილს იქ ჯერაც
არ აღუმართავს ფერმიხდილი ალამი თვისი.

თვალნო, შეხედეთ – კვლავ სინათლეს ვეღარ იხილავთ;
მკლავნო, იგემეთ თქვენ მოხვევნა უკანასკნელი,
და თქვენც ტუჩებო, სუნთქვის კარნო, კოცნით აღბეჭდეთ
ჩემი უვადო შეთანხმება მსუნაგ სიკვდილთან.

ჯულიეტა:-
მაშ ამან მოგკლა? საწამლავმა მოგიღო ბოლო?
ხარბო, სულ შესვი? ერთი წვეთიც არ დამიტოვე?
ჩემო ძვირფასო, დაგიკოცნი ახლა ამ ტუჩებს,
იქნება ბედზე საწამლავი აქვთ შერჩენილი
და ის მომაკვდენს!…

პრინცი:-
ამ განთიადმა მოგვიტანა მშვიდომა მწარე,
მზემ არ ინება გლოვის ნიშნად დღეს გამოჩენა.
აწ ვითათბიროთ იმათ ბედზე, წავიდეთ ბარემ:
ზოგს მივუტევოთ, ზოგიც უნდა დავსაჯოთ ჩვენა.
ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა,
რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთანა?!



სუნამო

10 Sep


სუნამო – რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ეს სიტყვა გესმით? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ცნობისმოყვარეობა და ინტერესე მიპყრობს. (ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს სუნამოები.) სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა და ინტერესი გამოიწვია წიგნის ყდაზე დაწერილმა, ერთმა უსუსურმა სიტყვამ – სუნამო. ამასთან ერთად, ავღფრთოვანდი მასზე გამოსახული სურათით და ამ ორი მიზეზის გამო შევიძინე ეს წიგნი, რასაც ნამდვილად არ ვნანობ.

მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა კაცი, რომელიც გენიალური და საზიზღარი ადამიანებით სავსე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და საზიზღარი იყო. აქ სწორედ მისი ამბავი უნდა მოგითხროთ. მას ჟან-ბატისტ გრენუი ერქვა და თუ ეს სახელი სხვა ისეთი გენიოსი ურჩხულების ფონზე, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, დე ლადი, სენ-ჟიუსტი, ფუკე, ბონაპარტი და სხვები დღეს დავიწყებასაა მიცემული იმიტომ კი არა, რომ გრენუი ამ ბნელით მოცულ ცნობილ ხალხს ქედმაღლობით, კაცთმოძულეობით, უზნეობით, მოკლედ, უღმერთობით ჩამოუვარდებოდა. არა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი გენია და ფენომენალური პატივმოყვარეობა იმ სფეროთი შემოიფარგლებოდა, რომელიც ისტორიაში კვალს არ ტოვებს – სუნების წარმავალი სამყაროთი. – ასე მოგვითხრობს პატრიკ ზიუსკინდი ერთი მკვლელის ამბავს. იგი მართლაც, რომ გენიალური ადამიანი იყო, შეუდარებელი პარფიუმერი, რომელიც ცხვირით ხედავდა და აღიქვამდა და არა თვალებით.
ეს არ იყო სუნამო, რომელსაც აქამდე იცნობდა. ეს არც არომატი იყო, რომელიც სუნს აუმჯობესებს, არც შესაზელი მალამო, არც რაიმე სხვა სურნელთაგანი. ეს იყო სრულიად თავისებური რამ, რასაც ახალი სამყაროს შექმნა შეეძლო, ჯადოსნური, მდიდარი სამყაროსი. – ასე აღწერს ზიუსკინდი გრენუის პირველ შედევრს – მის პირველ სუნამოს.
როგორც უკვე ვთქვი იგი გენიალური არსება იყო, მაგრამ მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ მას კაცობრიობა ეზიზღებოდა, სძულდა.
გრენუის არ გააჩნდა საკუთარი – ადამიანის სუნი, რის გამოც იგი ხალხში შიშსა და უნდობლობას აღძრავდა. მაგრამ გრენუი ხომ თვით გენია იყო?! თავიდან მან სუროგატების მეშვეობით შექმნა ადამიანის სურნელების კოლექცია, ბოლოს კი თავისი დიდი ოცნება აიხდინა. მან მოკლა 24 მომხიბლავი გოგონა. ოცდაოთხივე თმებმოჭრილი და შიშველი იპოვეს. გრენუი მათ სურნელს “ართმევდა”, რომლებიც თავისი გენიალური სუნამოსთვის სჭირდებოდა. მისი სუნამოს ბოლო ინგრედიენტი კი წითურთმიანი, ულამაზესი ლაურა გახდა.

ამ 25 გოგონას სურნელისაგან შემდგარი სუნამო ხალხზე სასწაულებრივად მოქმედებდა. მისი დახმარებით გრენუიმ თავი იხსნა სასჯელისაგან. მას შეეძლო ამ სურნელით ყველა მოეხიბლა, თავის ჭკუაზე ეტარებინა, მსოფლიოს მმართველი – იმპერატორი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც გრენუის სურდა და სჭირდებოდა. მას სძულდა ხალხი და იგივეს ელოდა მათგანაც.
“არავინ იცის, რა კარგია ეს სუნამო სინამდვილეში… არავინ იცის, რა კარგადა არის გაკეთებული. სხვები ხომ მხოლოდ მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან და არც კი იციან რომ მათზე ეს სუნამო ზემოქმედებს და აჯადოებს. ერთადერთი, ვინც ამ სუნამოს ნამდვილი სილამაზე შეიგრძნო, მე ვარ, რადგანაც მე შევქმენი. მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვისაც ვერ მოაჯადოებს. ეს სუნამო მარტო ჩემთვისაა უაზრობა.” -ეს იყო მისი აზრი ამ სუნამოზე.
სუნამო, რომელმაც გრენუი ერთხელ სასჯელისაგან იხსნა, საბოლოოდ თავად გახდა იმსი განაჩენი – 1766 წელს ჟან-ბატისტ გრენუი – გენიალური პარფიუმერი, საკუთარმა პარფიუმმა ხალხის ლუკმად აქცია.

ნუ შეაფასებ პირველივე შთაფეჭდილებით! ეს ხომ უპირველესი წესია.
მეორე წესი გვაუწყებს: სუნამო დროში ცოცხლობს, აქვს ახალგაზრდობა, სიმწიფე და სიბერე. კარგი მაშინ ეთქმის, თუ სამივე საფეხურზე ერთნაირად სასიამოვნო იქნება.

არსებობს სურნელის დამარწმუნებელი ძალა, რომელიც სიტყვებზე, ნანახზე, გრძნობებსა და ნებისყოფაზე გაცილებით ძლიერია. მას ვერაფერი აღუდგება წინ, ის ჰაერივით შემოდის ფილტვებში, ბოლომდე გვავსებს. მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.