Archive | პირადი RSS feed for this section

მწვანე ქოლგები, სევდა და ხავსი – წყალწაღებულებისთვის

7 Sep

mermaid hair | via Tumblr

ფიცჯერალდისგან განსხვავებით ეს ღამე ნაზი კი არა არეული იყო. ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ – მწვანე ქოლგებთან ჩემი მისვლა არ შეიძლებოდა და ჩემს გვერდით მყოფ მეგობარსაც იმას ვეხვეწებოდი, იქ არ მიმიყვანო-მეთქი. მან არ იცოდა, რას ვგულისხმობდი, მაგრამ მაინც ის გააკეთა, რაც ვთხოვე და მეც, როცა დავრწმუნდი, რომ მწვანე ქოლგებთან არ მივყავდი, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ამ დროს რაღაც ისეთი ვიგრძენი, უცნაური, შინაგანი წვის მსგავსი. ვიცოდი, ჩემი იქ მისვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად მინდოდა გამერისკა კიდეც. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომც არაფერი დაშავებულიყო, სევდა მეც მომიცავდა და მასაც, ვის გამოც არ შეიძლებოდა მწვანე ქოლგებთან მისვლა.

ღამის სამი საათი ახლოვდებოდა, მაგრამ ბულვარი მაინც ხალხით იყო სავსე. წამით მეგობარს შევხედე და მის თვალებში შიში დავინახე. მაშინვე ვიფიქრე, ზედმეტი მომივიდა, ჩემი საქციელით ვაშინებ-მეთქი. მართალიც ვიყავი და ყველანაირად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. მაგრამ მე მაინც მწვანე ქოლგებზე ვფიქრობდი.

მერე პლაჯზე გავედით. ბნელოდა. მხოლოდ ტალღების ხმაური მესმოდა. მესიამოვნა. უკვე ერთი კვირა იყო, რაც აქ ვიყავი, მაგრამ ტალღების ხმა მაინც მენატრებოდა. უცებ რაღაცნაირად სევდამ მომიცვა.

მერე არ მახსოვს რა მოხდა, მხოლოდ მახსოვს, როგორ გავიხადე შარვალი და ზღვაში შევედი. რამდენი ხანი ვიყავი ასე, ტალღების ხმაურში არ ვიცი, მაგრამ ის კი მახსოვს, ნაპირზე გამოსული თავს უკეთ ვგრძნობდი. უცებ, ფეიერვერკის ხმა გაისმა, მწვანე ქოლგებიანი ბარიდან ისროდნენ. მომინდა იქ ვყოფილიყავი, მაგრამ კეთილგონიერება უაზროდ მოქმედების საშუალებას არ მაძლევდა. მციოდა. ვკანკალებდი. და, რაც მთავარია, არც ახლა ვიცოდი, რა მინდოდა სინამდვილეში.Drafts | Tumblr

მთავაზობდნენ იმას, რაზეც ყველა ოცნებობს და მეც მიოცნებია. მაგრამ მე უარი ვთქვი. რატომ? არ ვიცი. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ჩემი ჩამოუყალიბლობის გამო სხვისი წამება არ მინოდა. მაგრამ იმასაც ვხედავდი, მას ეს არ ესმოდა და ასე უფრო იტანჯებოდა.

November. | via Tumblr

მაშინაც ნასვამი ვიყავი და უცებ ავტირდი. რამდენი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა და ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, ცრემლების ღვრა იყო. როგორ მინოდა მეთქვა, რომ დიდი ხანია მამა აღარ დამსიზმრებია, მაგრამ არ, უფრო სწორედ, ვერ ვიკითხე, ვიცოდი, ძალა არ მეყოფოდა.

და თუ ერთი ყველაფერს მპირდებოდა, რაც კი შეეძლო და რაც არ შეეძლო, მეორეს ჩემი დანახვაც  არ სურდა. მე კი ყველაზე მეტად მაშინ ის მჭირდებოდა. ისევ ზურგი მაქცია, თან, ღმერთმა იცის, მერამდენედ. ამაზეც ვერაფერს ვამბობდი, ვერც ვამტყუნებდი და მით უმეტეს, ვერც ვამართლებდი.

და მაშინ, წამოსვლის წინა დღეს, ვიცინოდი სხვებთან ერთად, სინამდვილეში კი მეტირებოდა. ცხოვრების ამაოებაზე ნერვები მეშლებოდა. იმ უცნობს ვუთხარი, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ნუ გავირთულებთ-მეთქი, სინამდვილეში კი ასე უფრო ვართულებდი ყველაფერს. მხოლოდ ერთმა შეამჩნია ჩემი ყალბი სიცილი და როდესაც მარტო დავრჩით, მკითხა რა გჭირს, ვეღარ გცნობო. არც ამაზე მითქვამს არაფერი. არც მაშინ შემეძლო ლაპარაკი. არც ახლა შემიძლია.

Citati | via Facebook

ეს ზაფხული ალბათ ყოველთვის მემახსოვრება. რამდენი ცრემლი, შინაგანი ტკივილი, მოლოდინი, წუხილი, იმედგაცრუება, დანაკარგი, სიახლე და გაურკვევლობა იყო.

და ალბათ, ის სევდიანი, ზღვასავით (მაგრამ არა იმ შავი ზღვასავით, საქართველოში რომ არის) ცისფერი თვალებიც არ დამავიწყდება.

მარტოობის გრძნობა კი ნამდვილად თან გამყვება. ერთმა ზურგშექცევამ ისე მატკინა გული, რომ სხვასაც ვეღარ ვენდობოდი. ერთადერთი, ვისაც მაშინ ჩემი გამხიარულება შეეძლო, სწორედ ის იყო. მან კი მხარში დგომის ნაცვლად, ზურგში დანა გამიყარა და სასიკვდილოდ დამჭრა. შეიძლება, ეს უნებურად მოუვიდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა – მე ის დავკარგე… მან დამკარგა? არა, რა თქმა უნდა არა. ალბათ მე მას ისე ვერასდროს მოვექცევი, როგორც ის მომექცა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს. როცა ვჭირდები ვახსენდები და ჩემთვის ესეც ხავსია, წყალწაღებულები რომ ეჭიდებიან ხოლმე.

short skirt tumblr - Google Search

Advertisements

ვინ ვარ მე

17 Jan

https://www.youtube.com/watch?v=H0VsvuvKT20

მოგესალმებით : ))
სახელი:- მარიამი
გვარი:-
ასაკი:- 17 წლის
სიმაღლე:- 1მ. 65სმ.
წონა:- 45კგ
კანის ფერი:- თეთრი
თმა:- ბუნებრივი ჟღალი
თვალის ფერი:- ყავისფერი

ზოგადი ინფორმაცია:
საცხოვრებელი ადგილი:- თბილისი (იმედია ეს მხოლოდ დროებით)
საქმიანობა:- ამჟამად მხოლოდ აბიტურიენტი…
ჰობი:- მუსიკა, ხატვა, კითხვა, წერა (სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც), კინო, ფოტოგრაფია, ცეკვა და ა.შ.
ვთვლი, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, ბევრი კომპლექსითა და საშინელი ხასიათით. ძირითადად სერიოზული, მაგრამ თუ კარგ ხასიათზე ვარ – საკმაოდ ცანცარა. (მაგრამ, ამ ბოლო პერიოდში ხასიათი ცოტა არ იყოს შემეცვალა, მგონი იმაზე მეტად ავცანცარდი, ვიდრე საჭიროა)… მიჭირს ხალხთან ურთიერთობა, უფრო სწორად კი აქტიურობა, ანუ იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც თავად თუ არ გამოელაპარაკე და ერთი ორი სიტყვა არ წამოაცდენინე, აქეთ ხმას არ ამოიღებენ. მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ სამომავლო პროფესიაც კი არ ამირჩევია, არადა რამდენიმე თვეში გამოცდებს ვაბარებ… არ ვარ გაბედული. მიყვარს სიწყნარე და ხშირად ძალიან მსიამოვნებს მარტო ყოფნა. ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ძალიან ზარმაცი ვარ. საკმაოდ უინტერესო ადამიანი ვარ, ჩემში რაიმე მოსაწონის პოვნა ძალიან ძნელია. ხშირად მიჩნდება იმის შეგრძნება, რომ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს იმაზე მეტი წარმოდგენა აქვთ ჩემზე, ვიდრე სინამდვილეში ვარ. არ მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არც ის მომწონს, თავს გარიყულად რომ ვგრძნობ.
ვცდილობ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა მქონდეს (მაგრამ ეს რამდენად კარგად გამომდის არ ვიცი)….
მჯერა გოგოსა და ბიჭის მეგობრობის, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ამაში არ გამიმართლა და ჩემმა და იმ მეგობრის ურთიერთობამ კრახი განიცადა…. საერთოდ, რატომ არ ვიცი, მაგრამ ბიჭთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება, ვიდრე გოგოსთან, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას ვიცნობ, ან თვითონ იჩენს ინიციატივას (ზემოთაც ვახსენე, რომ საუბრის დაწყება და აქტიურობა მიჭირს)…
ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, მელანქოლიკი ვარ…
საყვარელი ფერი თეთრია…
მუსიკიდან როკსა და კლასიკურ როკს ვანიჭებ უპირატესობას.
საყვარელ წიგნს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით ისევ ძიებაში ვარ, მაგრამ ამ პერიოდისთვის მაინც მარტენ პაჟის “როგორ გავხდი იდიოტსა” და დავით ტურაშვილის “ამერიკულ ზღაპრებს” გამოვარჩევდი.
საყვარელი პერსონაჟი – ქერი ბრედშოუ (მიზეზი თავადაც არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაცით საკუთარ თავს ვამსგავსებ/მინდა ვამსგავსებდე)
ერთი კონკრეტული ფილმის ამორჩევაც მიჭირს, მაგრამ საყვარელი ჟანრი დრამაა.
ვცდილობ ვისწავლო გიტარაზე დაკვრა.
აი, პუნქტუალურობას რაც შეეხება, მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ვინდომებ.
ჩემი დამოკიდებულება აქაურობის მიმართ ალბათ უკვე ნათელია თქვენთვის და ამ თემაზე სუბრის გაგრძელების არანაირი სურვილი არ გამაჩნია…
ძალიან მინდა მოგზაურობა…
მიყვარს თავისუფლება, შოკოლადი, ნაყინი, ყავა, ჩახუტება და მოფერება, გართობა, მოვლილი ხელები, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას ვუყვარვარ…. რომანტიკული ადამიანი ვარ, მაგრამ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება ძალიან მიჭირს..
მიჭირს ასევე საკუთარ თავზე ლაპარაკი (ნეტავ იცოდეთ ამ პოსტს რამდენი დღეა ვწერ)
რატომ გადავწყვიტე ბლოგის შექმნა?
აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ მაინც ვეცდები აგიხსნათ… მოკლედ, ბლოგები ყოველთვის მომწონდა და ხშირად ვკითხულობდი მათ. მოგეხსენებათ, ბევრი ნიჭიერი ადამიანის ბლოგია გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში და მეც ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობდი მათ… ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთი გოგონას ბლოგს. როგორც ჩანს ახალი დაწყებული ქონდა ბლოგზე წერა და თან წერდა იმის შესახებ, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა – სიყვარული, მეგობრობა, სევდა, სიხარული…. მოკლედ, ყველაფერზე, რაც აწუხებდა თუ სიამოვნებდა… მახსოვს, მთელი ბლოგი (სულ რამდენიმე გვერდი იყო) მაშინვე წავიკითხე… წერის სურვილი ყოველთვის მქონდა, ბევრჯერ მიცდია დღიურის წარმოება ან რაიმე მსგავსი… ხშირად, როდესაც წერის სურვილი ძალიან მიმძაფრდებოდა, ვწერდი ფურცელზე და მერე იმ ფურცელს ვწვავდი ან ვხევდი… ჰოდა, ვკითხულობდი ამ გოგონას ბლოგს და უეცრად გამიჩნდა სურვილი, რომ მეც შემექმნა საკუთარი სამყარო ბლოგოსფეროში… მაშინ ჩემი მიზანი მკითხველების მოზიდვა კი არა, წერის სურვილის დაკმაყოფილება იყო. მოკლედ, დაუფიქრებლად შევქმენი ბლოგი. (აქვე სახელის განმარტებაც: მინდოდა, რომ სახელი ოცნებასთან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან მეოცნებე ვარ. მერე უცებ ოცნება შთაგონებას დავუკავშირე, ხან რა ვცადე, ხან – რა და ბოლოს inspirational dream-ამდეც მოვედი)… რის შესახებ უნდა მეწერა არ ვიცოდი, მხოლოდ ვიცოდი ის, რომ ეს ბლოგი გახდებოდა ადგილი, სადაც ნამდვილ მარიამი საკუთარ თავს ისე წარმოაჩენდა, როგორიც სინამდვილეში იყო და ადგილი, სადაც შეძლებდა ყველაფერზე ლაპარაკს…. ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბლოგის მკითხველი მხოლოდ მე ვიყავი. მაინტერესებდა სხვების აზრი, მაგრამ ვერავის ვეკითხებოდი. მინდოდა სხვების კრიტიკის მოსმენა, იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ ჩემი ბლოგის შესახებ და იმ თემების შესახებ, რაზეც მე ვწერდი/ვცდილობდი დამეწერა… მოკლედ ერთი წელი ჩემი ბლოგის კარი მხოლოდ ჩემთვის იყო ღია. მერე როგორც იქნა გავბედე და პაწია რეკლამა გავუკეთე საკუთარ თავს (მიკვირს ამის გაკეთება როგორ მოვახერხე)… ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი პირველი მკითხველი რომ აღმოვაჩინე facebook-ზე, უფრო სწორად კი, პირველი like : ))… მას მოჰყვა პირველი კომენტარი, მერე მეორე და ა.შ. დღეს უკვე 19 მკითხველი ყავს ჩემს ბლოგს ჩემდა გასაკვირად. არ მეგონა ვინმეს მოწონებას თუ დავიმსახურებდი ოდესმე და ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს თქვენს მიერ მოწერილი ორიოდე სიტყვა ჩემთვის… : )) მადლობას გიხდით, რომ ასეთი თბილები ხართ. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, რათა არ გენანებათ დრო ჩემი უაზრო და უნიჭო პოსტების წასაკითხად. : )) მადლობთ! ნეტავი იცოდეთ, როგორ მაბედნიერებთ : ))

მოუხერხებელ, შავად შეღებილ, რკინის სკამზე ვიჯექი

16 Apr


Image

სანთელი მიწაში მყარად ჩავარჭე, წითელი კვერცხი ერთი-ორჯერ გადავაგორ-გადმოვაგორე და წამოდგომისას წყნარად ჩავიჩურჩულე – “ქრისტე აღსდგა”… და უცებ ჩემი თვალები ცრემლებით აივსო…
ადრეც ასე იყო: სანთელს ვანთებდი, კვერცხს ვაგორებდი, მაგრამ არასდროს ვეუბნებოდი “ქრისტე აღსდგა”-მეთქი, და, რაც მთავარია, არასდროს მეცრემლებოდა თვალები…
ბოლო დროს გულჩვილობა დამჩემდა… ზოგჯერ სულ უბრალო სიტყვებიც კი მეტირება, ყელში ბურთი მეჩხირება…
Image
-“თავს კარგად ვგრძნობ, როცა ორივე გვერდით მყავხართ…” – თქვა “მან” და აი ისევ! მე ისევ ამიცრემლდა თვალები…
Image
შავად შეღებილ, მოუხერხებელ, რკინის სკამზე ვიჯექი. ჩემს ირგვლივ ექვსი ადამიანი იყო, საუბრობდნენ, ხან რაღაცეებს იხსენებდნენ, ხან მომავალსა თუ აწმყოზე ლაპარაკობდნენ… და, აი, უცებ მე გამოვეიშე მათ საუბარს, თითქოს ისინი სადღც წასულიყვნენ…. ვიყავი მხოლოდ მე, შავად შეღებილი და მოუხერხებელი რკინის სკამი, საფლავი და საფლავის ქვა, რომელზეც ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანის სახე იყო გამოსახული…. და მე, ჩემი ფიქრების ზღვაში აუჩქარებლად მივცურავდი….
“არასდროს ვყოფილვარ  აქ მარტო… არადა, რა კარგი იქნებოდა…. არასდროს მილაპარაკია მასთან… არადა, როგორი სასიამოვნო იქნებოდა…” – წარმოვიდგინე ჩემი თავი მარტო ამ საფლავთან, წარმოვიდგინე, როგორ ვზივარ ისევ ამ შავად შეღებილ, მოუხერხებელ რკინის სკამზე, წარმოვიდგინე ის მონოლოგიც… ნეტავ რას ვეტყოდი მას?… რამდენი სათქმელი დამიგროვდა… მე ხომ მასთან არასდროს მილაპარაკია?!… ნეტავ გავბედავდი რამის თქმას? საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ისეთ სიჩუმეში, როგორიც იქაა, გავბედავდი ხმის ამოღებას? ალბათ ვიტირებდი, ძალიან ბევრს ვიტირებდი…. მე ხომ ჯერაც არ დამიტირია საკუთარი მამა?!…. ან როდის დავიტირებდი?! მე ხომ პაწია ვიყავი, და, თანაც არასდროს ვყოფილვარ აქ მარტო….”
Image
უეცრად ვხვდები, რომ დროა ნაპირისკენ გავცურო და რეალობაში დავბრუნდე…
აი, უკვე მათ ლაპარაკს ყურს ვუგდებ და ვცდილობ მეც ავყვე… მაგრამ ყოველი მანქანის ხმაზე თვალებს ვაცეცებ, იმ ერთ “განსაკუთრებულ” მანქანას ვეძებ და რომ ვერ ვპოულობ, ვმშვიდდები… არ მინდა, რომ სადმე წაგვაწყდნენ…. თითქოს მეშინია კიდევაც, მაგრამ არა, ეს შიში არ არის, ეს უფრო სხვა გრძნობაა – კარგად შეზავებული და შეკმაზული ბრაზი, ზიზღი და მცირე რაოდენობით შიში… მათი არ მეშინია! არც არასდროს მეშინოდა და არც შემეშინდება… უბრალოდ იმის მეშინია, რომ მათი დანახვა წყობილებიდან გამომიყვანს მეც და იმ ადამიანებსაც ვინც ჩემს გვერდით არიან…
მაგრამ საბედნიეროდ ისინი არ გამოჩდნენ, ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც ჩვენ გვინდოდა – წყნარად, მშვიდად, აუღელვებლად… წასვლისას ისევ ჩავიჩურჩულე – “ჩვენ წავედით” და ისევ აფრთხიალდა ჩემი გული, მაგრამ ამჯერად თავის შეკავება მოვახერხე….
Image
და ბოლოს, ჩემი ძვირფასო მკითხველო, ვიცი, რომ ვერაფერი გაიგეთ, ვიცი, რომ არ მოგეწონათ და უკეთესს ელოდით, და სწორედ ამიტომ, ბოდიშს გიხდით, რომ საკუთარი აზრები თავს მოგახვიეთ… როგორ მინდა დაგპირდეთ, რომ ჩემს სევდაზე აღარასდროს ვისაუბრებ, მაგრამ ისევ რომ მომინდეს ემოციებისგან დაცლა?! უბრალოდ, ზოგ შემთხვევაში ჩემი ბლოგი ფსიქოლოგის როლს ითავსებს, იმ ადამიანის, რომელთანაც შემიძლია თავისუფლად ლაპარაკი… მართალია, ბლოგი არც ადამიანია და არც ფსიქოლოგი, მაგრამ მან კარგად იცის მოსმენა….

კიდევ ერთი წერილი…

11 Apr


ჩემო ძვირფასო
როგორ მიმძიმს იმის თქმა, რასაც გულის სიღრმეში ვგრძნობ და გონებაში ვფიქრობ…
სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი ერთ-ერთი ოცნება ამისრულდა – შენ ჩემთან მოხვედი, ჩამეხუტე და იმ 10 წლიანი განშორების სევდა ჩახუტებით ჩაახშე… მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ – ერთად ვიღვიძებთ, ერთად მივირთმევთ ყვავას, ერთად ვიწყებთ დღეს, მერე შენ შენს გზაზე მიდიხარ, ის – თავისაზე და მე – ჩემსაზე, მაგრამ ბოლოს ისევ ერთად ვართ, ისევ მივირთმევთ ყავას (ჩვენ ხომ სამივეს ასე ძლიერ გვიყვარს ყავა) და ვსაუბრობთ ყველაფერზე – პრობლემებზე, წარმატებებზე, დარდსა თუ სიხარულზე. შენ გვიყვები შენი ცხოვრების შესახებ, იმ 10 წელს იგონებ. ჩვენ კი გისმენთ, გვსიამოვნებს შენი სიახლოვე და გვიხარია, რომ ამ სიახლოვით ტკბობა შეგვიძლია…
მე შენ უზომოდ მიყვარხარ! მასაც უზომოდ უყვარხარ! და შენც უზომოდ გვიყვარვართ! – ეს უმთავრესია…
ერთი შეხედვით ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა! მართლაც ბედნიერები ვართ! მაგრამ შენ რაღაცას განიცდი, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ ნაბიჯზე, ყველგან, ყოველთვის… ისიც ვიცი რასაც განიცდი, ვიცი რაც გაწუხებს, ვიცი, რომ თავს ცუდად გრძნობ, ვიცი, რომ ყველაფერი გეუცხოვება, ყველაფერი გაღიზიანებს და გენატრება ის 10 წელი, ის დრო, ის გარემო, ის ცხოვრება… აქ ყოფნის ერთადრეთი მიზეზი ჩვენ ვართ – მე და ის… ჩვენ რომ არა, ალბათ იმ ყველაფერს არც არასდროს დატოვებდი, არც არასდროს დაბრუნდებოდი… შენც მოგბეზრდა, ყელში ამოგივიდა ამდენი დარდი და მონატრება, თქვი, რაც იქნება-იქნება, უკან დასაბრუნებელ კარს ხომ არავინ მომიხურავსო, და გადმოდგი ჩვენსკენ ნაბიჯი, მიატოვე იქაურობა, ის ყველაფერი, რაც გიყვარდა, რაზეც შეჩვეული იყავი და ჩვენთან ყოფნა ამჯობინე. შენ მართალი ხარ! მართლა ძალიან გვჭირდები, შენს გარეშე თავს საშინლად ვგრძნობდი და ახლა ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, უფრო ბედნიერი ვარ, მაგრამ რაღაც თითქოს უკან მექაჩება, წინ წასვლის საშუალებას არ მაძლევს… მართალია ამდენი ხნის მანძილზე სამივეს გვაკლდა ის წვრილმანები, რაც დღესდღეობით ცხოვრებას გვილამაზებენ, მართალია, შენთან გატერებული ყოველი წუთი, ყოველი დღე უბედნიერესია, მაგრამ, ამის მიუხედავად ზოგჯერ მაინც ეჭვი მეპარება შენს გადაწყვეტილებაში. ცუდად არ გამიგო, როგორც უკვე ვთქვი, უზომოდ მიყვარხარ და შენთან ერთად ყოფნა ძალიან მინდა და მჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ შენ ბედნიერი არ ხარ… რამდენჯერ მიფიქრია, იქნებ ჯობდა იქ დარჩენილიყო და იქაურობა ჩვენს გამო არ მიეტოვებინა-მეთქი… რა ვქნა არ ვიცი… ზოგჯერ მინდა გითხრა, რომ ჯობს უკან დაბრუნდე – იქ, სადაც ამდენი ხანი ცხოვრობდი, იქ – სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, მაგრამ არ შემიძლია… მინდა გაგიშვა, მინდა გითხრა, რომ რადგან ამდენი ხანი ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ, კიდევ შეიძლება ისევ ცალ-ცალკე ყოფნა, მაგრამ არა… უშენოდ თავს ცუდად ვგრძნობდი…
რამდენჯერ დამიწერია წერილი, სადაც ეწერა, რომ აქ გაჩერება აღარ შემეძლო, შენთან მინდოდა ყოფნა და გეხვეწებოდი აქედან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მსგავს წერილებს არასდროს გიგზავნიდი, ვიცოდი, რომ ისინი დარდს უფრო გაგიმძაფრებდნენ…
ახლა შენ ჩემთან ხარ – ჩემს გვერდით…
როგორ გითხრა არ ვიცი. არც ის ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თუ წასვლა გინდა, მე წინააღმდეგი არ ვარ… მირჩევნია იყო ბედნიერი იქ, სადაც შენი სახლია, ვიდრე აქ, სადაც უცხო ხარ…

ჩემო ძვირფასო… მე შენ უზომოდ მიყვარხარ!.. შენს გვერდით უბედნიერესი ვარ… შენც ბედნიერი ხარ… მაგრამ ვხედავ, რომ რაღაც გაკლია… მინდა, რომ ეს რაღაც შენთან იყოს, ან შენ იყო მასთან. ისიც მინდა რომ ჩვენც შენთან ვიყოთ… მოკლედ, ბედნიერება მინდა… წარმატებებსა და მიზნების მიღწევას გისურვებ, რადგან ვიცი, რომ ეს უფრო ბედნიერს გაგხდის… გისურვებ ყველა სურვილის ასრულებას… მინდა იცოდე, რომ შენს გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. ყოველთვის გიჭერდი მხარს და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მომავალშიც ასე იქნება… გპირდები, რომ მოვა დრო, და ჩვენ იქ დავბრუნდებით… იქ – სადაც თავს ბედნიერად გრძნობ…
სიყვარულითა და კეთლი სურვილებით
მარიამი…

წერილი…

23 Feb


ჩემო ძცირფასო…
დღეს მე წერილს გწერ, იმიტომ, რომ მიყვარხარ. შენც ხომ იცი, რა ძლიერ მიყვარხარ?.. რამდენი წერილი მომიწერია, რამდენი უაზრო სიტყვა და რამდენი უფერილი აზრები დამიწერია ლამაზი ხელნაწერით და შენც რამდენი დრო დაგიხანჯავს ჩემი ვითომდა წერილების კითხვისას… ამ წერილებში მხოლოდ ორი სიტყვა იყო წრფელი და გულიდან ამოხეთქილი –  “მიყვარხარ” და “მენატრები”… დღესაც მიყვარხარ, დღესაც მენატრები… გავიდა წლები, მე გავიზარდე, შევიცვალე, უკვე აღარც ისეთი გრძელი და ლამაზი თმა მაქვს, როგორიც მაშინ, 10 წლის წინ მქონდა, აღარც ისეთი პაწია ვარ, აღარც ისეთი საყვარელი, მას შემდეგ ძალიან შევიცვალე… შეიცვალა ჩემი გრძნობები შენს მიმართ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. მაშინ მეგონა რომ უზომოდ მიყვარდი და ამაზე მეტად შეყვარება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი, ეს სიყვარული შეიცვალა, გაიზარდა, ძალიან გაიზარდა…. რამდენჯერ მიტირია, მხოლოდ იმიტომ, რომ მჭირდებოდი, მენატრებოდი და შენ ჩმს გვერდით არ იყავი, ჩუმად ვტიროდი, როგორც შენ მასწავლე. გახსოვს წასვლის წინ რომ მითხარი, თუ ძალიან მოგენატრები, დაჯექი კუთხეში, ისე რომ არავინ დაგინახოს და იტირე, სანამ გულს არ დაიწყნარებო? ხოდა, მეც ასე ვიქცეოდი, ჩემთვის ჩუმად ვტიროდი… მერე გავიზარდე, თავის შეკავება ვისწავლე, უფრო სწორად, ვცდილობდი მესწავლა… გახსოვს იმდენი ხნის მანძილზე პირველად რომ შეგხვდი? გახსოვს რა ბედნიერები ვიყავით? როგორ გეხუტებოდი? ეს იყო უბედნიერესი წამები, შენს გვერდით ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მერე მე წამოვედი, რამდენიმე დღიანი ბედნიერება მიილია. ბედნიერების ცრემლები განშორების ცრემლებმა შეცვალა… მერე მე ისევ შორს ვიყავი შენგან და შენ – ჩემგან… ასე მოხდა 4-ჯერ. 10 წლის მანძილზე მხოლოდ ოთხჯერ გიხილე, ოთხჯერ განვიცადე უზომო ბედნიერება და განშორების მწარე ტკივილი…
სულ მალე ისევ ერთად ვიქნებით, ისევ ჩაგეხუტები, ისევ დავტკბები შენი სიახლოვით, ისევ ბედნიერი ვიქნები… მალე დადგება ჩვენი შეხვედრის დღე. იცი როგორი წარმომიდგენია? მზიანი და თბილი, გაზაფხულივით ლამაზი დღე. მერე რა, რომ ახლა თებერვალია?! მაინც თბილი დღე იქნება, მზე თუ არ ინებებს ჩვენს გათბობას თავისი სხივებით, ჩვენ გავათბობთ ყველაფერს ჩვენი სიყვარულით და ბედნიერებით. წარმომიდგენია როგორ ჩამოდიხართ შენ და ის ორი უსაყვარლესი არსება ავტობუსიდან, როგორ მოვრბივარ თქვენსკენ გახარებული, რომ ჩაგეხუტო, რომ ამდენი ხნის მონატრება წუთიერი ჩახუტებით ჩავახშო, მერე ბარგს ტაქსის საბარგულში ჩავაწყობთ, მე, შენ და ის ორი არსება უკანა სავარძელზე მოვთავსდებით, მე ისევ ჩაგეხუტები, შენც მომეფერები და მეტყვი, რომ შეცვლილი და გაზრდილი ვარ, რომ გიყვარვარ და რომ უზომოდ გენატრებოდი… ამის მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება…. ყველანი ერთად, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით…
სიყვარულით
მარიამი.

P.S ალბათ ეს პირველი წერილია, რომელსაც გწერ მთელი გრძნობით, მთელი არსებით…სულ მალე ჩაგეხუტები, მაგრამ იქამდე კი კეთილ მგზავრობას გისურვებ და რაც მთავარია –  “მიყვარხარ და მენატრები”….