Archive | წერილები, რომლებსაც ადრესატები ვერასდროს წაიკითხავენ RSS feed for this section

მაპატიე…

14 Jun

https://www.youtube.com/watch?v=15_v_FmNO6E
stay | Tumblr

დახვრეტის წინ სასიკვდილოდ განწირულებს მხოლოდ ის სურთ, მალე დამთავრდეს ყველაფერიო….

აი, ზუსტად იგივეს ვგრძნობ ახლა – მირჩევნია მალე დამჭრან შენმა სიტყვებმა, ვიდრე მოლოდინსა და შიშში ვიყო.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ… არც კი მჯერა, ნუთუ ეს მართლა მე ვიყავი, როგორ დავკარგე თავი ასე უაზროდ, როგორ გადავაბიჯე ყველაფერს, როგორ გაიძულე  ასე მოქცეულიყავი.

თავი ვეღარ შევიკავეო…

იმედები გაგიცრუე, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გავანადგურე და გაგანადგურებინე…

დავივიწყოთო….

დავივიწყოთ-მეთქი, მაგრამ ვერ ვივიწყებთ, მაინც გვახსოვს…
მაპატიე…

უშენოდ ვერ გავძლებო…. – გეტყობა როგორც ვერ ძლებ…

იმ დღეს ისეთი ცივი იყავი… თითქოს ცდილობდი ძველებურად მოქცეულიყავი, მაგრამ არ გამოგდიოდა. ჩვენს შორის ყინულის დიდი კედელი იყო აღმართული…
მინდოდა მეყვირა, მეტირა, სახეში გამერტყა, ყველაფერი პირში მომეხალა, რასაც ვფიქრობდი, მეჩხუბა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი….
ორი კვირა და ერთი დღე გავიდა, მე კი საუკუნედ მეჩვენება…
მენატრები, მაგრამ მეშინია ამის თქმა..
ცუდად ვარ.
აღარ ვჭამ.
აღარც ვსვამ.
არ მძინავს.
ვნერვიულობ.
ვტირი.
თავს ვიტანჯავ.
აღარ ვიცი, კიდევ შემიძლია მქონდეს რამის იმედი? იქნებ ყველაფერი ამ შეცდომით დასრულდა?
მოდი და მითხარი, ორი სიტყვით მოუღე ბოლო ჩემს ტანჯვას – ან მომკალი, ან გადამარჩინე, თორემ მეტი აღარ შემიძლია, შენამდე დარდი მომკლავს…
SEBASTIAN | via Tumblr

Advertisements

კიდევ ერთი წერილი…

11 Apr


ჩემო ძვირფასო
როგორ მიმძიმს იმის თქმა, რასაც გულის სიღრმეში ვგრძნობ და გონებაში ვფიქრობ…
სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი ერთ-ერთი ოცნება ამისრულდა – შენ ჩემთან მოხვედი, ჩამეხუტე და იმ 10 წლიანი განშორების სევდა ჩახუტებით ჩაახშე… მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ – ერთად ვიღვიძებთ, ერთად მივირთმევთ ყვავას, ერთად ვიწყებთ დღეს, მერე შენ შენს გზაზე მიდიხარ, ის – თავისაზე და მე – ჩემსაზე, მაგრამ ბოლოს ისევ ერთად ვართ, ისევ მივირთმევთ ყავას (ჩვენ ხომ სამივეს ასე ძლიერ გვიყვარს ყავა) და ვსაუბრობთ ყველაფერზე – პრობლემებზე, წარმატებებზე, დარდსა თუ სიხარულზე. შენ გვიყვები შენი ცხოვრების შესახებ, იმ 10 წელს იგონებ. ჩვენ კი გისმენთ, გვსიამოვნებს შენი სიახლოვე და გვიხარია, რომ ამ სიახლოვით ტკბობა შეგვიძლია…
მე შენ უზომოდ მიყვარხარ! მასაც უზომოდ უყვარხარ! და შენც უზომოდ გვიყვარვართ! – ეს უმთავრესია…
ერთი შეხედვით ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა! მართლაც ბედნიერები ვართ! მაგრამ შენ რაღაცას განიცდი, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ ნაბიჯზე, ყველგან, ყოველთვის… ისიც ვიცი რასაც განიცდი, ვიცი რაც გაწუხებს, ვიცი, რომ თავს ცუდად გრძნობ, ვიცი, რომ ყველაფერი გეუცხოვება, ყველაფერი გაღიზიანებს და გენატრება ის 10 წელი, ის დრო, ის გარემო, ის ცხოვრება… აქ ყოფნის ერთადრეთი მიზეზი ჩვენ ვართ – მე და ის… ჩვენ რომ არა, ალბათ იმ ყველაფერს არც არასდროს დატოვებდი, არც არასდროს დაბრუნდებოდი… შენც მოგბეზრდა, ყელში ამოგივიდა ამდენი დარდი და მონატრება, თქვი, რაც იქნება-იქნება, უკან დასაბრუნებელ კარს ხომ არავინ მომიხურავსო, და გადმოდგი ჩვენსკენ ნაბიჯი, მიატოვე იქაურობა, ის ყველაფერი, რაც გიყვარდა, რაზეც შეჩვეული იყავი და ჩვენთან ყოფნა ამჯობინე. შენ მართალი ხარ! მართლა ძალიან გვჭირდები, შენს გარეშე თავს საშინლად ვგრძნობდი და ახლა ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, უფრო ბედნიერი ვარ, მაგრამ რაღაც თითქოს უკან მექაჩება, წინ წასვლის საშუალებას არ მაძლევს… მართალია ამდენი ხნის მანძილზე სამივეს გვაკლდა ის წვრილმანები, რაც დღესდღეობით ცხოვრებას გვილამაზებენ, მართალია, შენთან გატერებული ყოველი წუთი, ყოველი დღე უბედნიერესია, მაგრამ, ამის მიუხედავად ზოგჯერ მაინც ეჭვი მეპარება შენს გადაწყვეტილებაში. ცუდად არ გამიგო, როგორც უკვე ვთქვი, უზომოდ მიყვარხარ და შენთან ერთად ყოფნა ძალიან მინდა და მჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ შენ ბედნიერი არ ხარ… რამდენჯერ მიფიქრია, იქნებ ჯობდა იქ დარჩენილიყო და იქაურობა ჩვენს გამო არ მიეტოვებინა-მეთქი… რა ვქნა არ ვიცი… ზოგჯერ მინდა გითხრა, რომ ჯობს უკან დაბრუნდე – იქ, სადაც ამდენი ხანი ცხოვრობდი, იქ – სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, მაგრამ არ შემიძლია… მინდა გაგიშვა, მინდა გითხრა, რომ რადგან ამდენი ხანი ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ, კიდევ შეიძლება ისევ ცალ-ცალკე ყოფნა, მაგრამ არა… უშენოდ თავს ცუდად ვგრძნობდი…
რამდენჯერ დამიწერია წერილი, სადაც ეწერა, რომ აქ გაჩერება აღარ შემეძლო, შენთან მინდოდა ყოფნა და გეხვეწებოდი აქედან წამიყვანე-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მსგავს წერილებს არასდროს გიგზავნიდი, ვიცოდი, რომ ისინი დარდს უფრო გაგიმძაფრებდნენ…
ახლა შენ ჩემთან ხარ – ჩემს გვერდით…
როგორ გითხრა არ ვიცი. არც ის ვიცი, ღირს თუ არა ამის თქმა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თუ წასვლა გინდა, მე წინააღმდეგი არ ვარ… მირჩევნია იყო ბედნიერი იქ, სადაც შენი სახლია, ვიდრე აქ, სადაც უცხო ხარ…

ჩემო ძვირფასო… მე შენ უზომოდ მიყვარხარ!.. შენს გვერდით უბედნიერესი ვარ… შენც ბედნიერი ხარ… მაგრამ ვხედავ, რომ რაღაც გაკლია… მინდა, რომ ეს რაღაც შენთან იყოს, ან შენ იყო მასთან. ისიც მინდა რომ ჩვენც შენთან ვიყოთ… მოკლედ, ბედნიერება მინდა… წარმატებებსა და მიზნების მიღწევას გისურვებ, რადგან ვიცი, რომ ეს უფრო ბედნიერს გაგხდის… გისურვებ ყველა სურვილის ასრულებას… მინდა იცოდე, რომ შენს გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. ყოველთვის გიჭერდი მხარს და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მომავალშიც ასე იქნება… გპირდები, რომ მოვა დრო, და ჩვენ იქ დავბრუნდებით… იქ – სადაც თავს ბედნიერად გრძნობ…
სიყვარულითა და კეთლი სურვილებით
მარიამი…

წერილი…

23 Feb


ჩემო ძცირფასო…
დღეს მე წერილს გწერ, იმიტომ, რომ მიყვარხარ. შენც ხომ იცი, რა ძლიერ მიყვარხარ?.. რამდენი წერილი მომიწერია, რამდენი უაზრო სიტყვა და რამდენი უფერილი აზრები დამიწერია ლამაზი ხელნაწერით და შენც რამდენი დრო დაგიხანჯავს ჩემი ვითომდა წერილების კითხვისას… ამ წერილებში მხოლოდ ორი სიტყვა იყო წრფელი და გულიდან ამოხეთქილი –  “მიყვარხარ” და “მენატრები”… დღესაც მიყვარხარ, დღესაც მენატრები… გავიდა წლები, მე გავიზარდე, შევიცვალე, უკვე აღარც ისეთი გრძელი და ლამაზი თმა მაქვს, როგორიც მაშინ, 10 წლის წინ მქონდა, აღარც ისეთი პაწია ვარ, აღარც ისეთი საყვარელი, მას შემდეგ ძალიან შევიცვალე… შეიცვალა ჩემი გრძნობები შენს მიმართ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. მაშინ მეგონა რომ უზომოდ მიყვარდი და ამაზე მეტად შეყვარება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი, ეს სიყვარული შეიცვალა, გაიზარდა, ძალიან გაიზარდა…. რამდენჯერ მიტირია, მხოლოდ იმიტომ, რომ მჭირდებოდი, მენატრებოდი და შენ ჩმს გვერდით არ იყავი, ჩუმად ვტიროდი, როგორც შენ მასწავლე. გახსოვს წასვლის წინ რომ მითხარი, თუ ძალიან მოგენატრები, დაჯექი კუთხეში, ისე რომ არავინ დაგინახოს და იტირე, სანამ გულს არ დაიწყნარებო? ხოდა, მეც ასე ვიქცეოდი, ჩემთვის ჩუმად ვტიროდი… მერე გავიზარდე, თავის შეკავება ვისწავლე, უფრო სწორად, ვცდილობდი მესწავლა… გახსოვს იმდენი ხნის მანძილზე პირველად რომ შეგხვდი? გახსოვს რა ბედნიერები ვიყავით? როგორ გეხუტებოდი? ეს იყო უბედნიერესი წამები, შენს გვერდით ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მერე მე წამოვედი, რამდენიმე დღიანი ბედნიერება მიილია. ბედნიერების ცრემლები განშორების ცრემლებმა შეცვალა… მერე მე ისევ შორს ვიყავი შენგან და შენ – ჩემგან… ასე მოხდა 4-ჯერ. 10 წლის მანძილზე მხოლოდ ოთხჯერ გიხილე, ოთხჯერ განვიცადე უზომო ბედნიერება და განშორების მწარე ტკივილი…
სულ მალე ისევ ერთად ვიქნებით, ისევ ჩაგეხუტები, ისევ დავტკბები შენი სიახლოვით, ისევ ბედნიერი ვიქნები… მალე დადგება ჩვენი შეხვედრის დღე. იცი როგორი წარმომიდგენია? მზიანი და თბილი, გაზაფხულივით ლამაზი დღე. მერე რა, რომ ახლა თებერვალია?! მაინც თბილი დღე იქნება, მზე თუ არ ინებებს ჩვენს გათბობას თავისი სხივებით, ჩვენ გავათბობთ ყველაფერს ჩვენი სიყვარულით და ბედნიერებით. წარმომიდგენია როგორ ჩამოდიხართ შენ და ის ორი უსაყვარლესი არსება ავტობუსიდან, როგორ მოვრბივარ თქვენსკენ გახარებული, რომ ჩაგეხუტო, რომ ამდენი ხნის მონატრება წუთიერი ჩახუტებით ჩავახშო, მერე ბარგს ტაქსის საბარგულში ჩავაწყობთ, მე, შენ და ის ორი არსება უკანა სავარძელზე მოვთავსდებით, მე ისევ ჩაგეხუტები, შენც მომეფერები და მეტყვი, რომ შეცვლილი და გაზრდილი ვარ, რომ გიყვარვარ და რომ უზომოდ გენატრებოდი… ამის მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება…. ყველანი ერთად, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით…
სიყვარულით
მარიამი.

P.S ალბათ ეს პირველი წერილია, რომელსაც გწერ მთელი გრძნობით, მთელი არსებით…სულ მალე ჩაგეხუტები, მაგრამ იქამდე კი კეთილ მგზავრობას გისურვებ და რაც მთავარია –  “მიყვარხარ და მენატრები”….